Wednesday, March 16, 2011

Susan Sontag-Against interpretation


შინაარსი ერთგვარი გაელვებაა, მოულოდნელი გამოკრთომა. ძალიან უმნიშვნელოა, უმნიშვნელო, შინაარსი.
უილემ დე კუნინგის ინტერვიუდან

მხოლოდ ზედაპირული ადამიანი უგულებელყოფს გარეგნობას, სამყაროს საიდუმლოების გასაღები ის არის, რაც ჩანს და არა ის, რაც არ ჩანს.
                                               ოსკარ უაილდის წერილიდან

              







ინტერპრეტაციის
წინააღმდეგ

1
ხელოვნების საწყისები ირეალურსა და მაგიასთან ასოცირდება. იგი ერთგვარი საშუალება გახლდათ რიტუალის (ლასკოს, ალტამირას, ნეოს და სხვა გამოქვაბულის ნახატები). მისი ადრეული თეორია პირდაპირ უკავშირდება ბერძენ ფილოსოფოსებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ის მიმეისს, რეალობის იმიტაციას წარმოადგენდა.

ეს არის ხელოვნების ფუნქციის შესახებ თეორიის პირველმიზეზიც, ვინაიდან თეორია მიმესისის შესახებ ერთგვარად ცვლის ხელოვნების ცნებას.

პლატონი, რომელმაც წარმოადგინა მოცემული თეორია, განსაზღვრულად ანიჭებს ხელოვნების ცნებას ეჭვნარევ, ბუნდოვან შეფერილობას, ვინაიდან ის ტიპურ საგნებსაც მიმეტურ ობიექტებად, ტრანსცედენტურ ფორმათა და სტრუქტურათა იმიტაციად მიიჩნევდა. მისთვის უბადლოდ დახატული საწოლიც კი სხვა არაფერია, თუ არა ,,იმიტაციის იმიტაცია”. მისი განსაზღვრებით, ხელოვნება არც მნიშვნელოვნად სასარგებლოა (დახატულ საწოლზე ვერ დაიძინებ) და არც ჭეშმარიტი. ვერც არისტოტელეს ხელოვნებისადმი პოზიტიურმა დამოკიდებულებამ შეცვალა პლატონის პირვანდელი შეხედულება, რომ ხელოვნება გახლავს სრული Trompe, მაშასადამე, მცდარიც. მაგრამ პლატონისგან განსხვავებით, არისტოტელე არ მიიჩნევს, რომ ხელოვნება უსარგებლოა და უმნიშვნელო. მას უდიდესი ფუნქცია გააჩნია, ერთგვარი თერაპიაა, რაოდენ არაჭეშმარიტი არ უნდა იყოს ის. ხელოვნება, მედიცინის თვალსაზრისით, სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც შეუძლია უვნებელყოს ნეგატიური ემოციები.

პლატონთან და არისტოტელესთან მიმესისის თეორიას თან ახლავს მისი მეტაფორული გაგება. მაგრამ არც ხელოვნების დეკორატიული და აბსტრაქტული ფუნქციის უგულებელყოფა იქნებოდა უპრიანი. იმისთვის, რომ საბოლოოდ გაქარწყლდეს უცილობლად მცდარი იდეა ხელოვნების ,,რეალურობისშესახებ, საჭიროა, გავცდეთ მიმესისის თეორიის კონკრეტულ ზღვარს.

ფაქტობრივად, დასავლური ცნობიერებისთვის სავსებით მისაღები აღმოჩნდა მიმესისის, რეპეზენტაციის ბერძნული თეორია. სწორედ მოცემული თეორია ქმნის ხელოვნების, როგორც ასეთის დაცვის საჭიროებას, ამ მიდგომამ დაუდო საფუძველი გაგებას, რომ ის, რასაც ,,ფორმადავარქვით გამოყოფილია იმისგან, რასაც ,,შინაარსსვუწოდებთ. შედეგად კი, შინაარსმა არსობრივი, ხოლო ფორმამ ნიშნის დატვირთვა შეიძინა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ცნობიერებისთვის უფრო რელევანტური  ხელოვნების თეორიის სუბიექტური გამოხატულება გახლავთ, ვიდრე მოცემული საკითხის რეპრეზენტაციული გაგება, მიმეტური თეორიის მთავარი ასპექტი მაინც აქტუალური რჩება. იმის მიუხედავად, ხელოვნებას რეალობის ამსახველ ფუნქციას მივანიჭებთ, თუ ხელოვანის იდეათა მატერიალიზაციის, შინაარსის ცნება მაინც უპირველესია. შინაარსი ცვლილებებს ექვემდებარება. მისი თანამედროვე ცნება შეიძლება იყოს ნაკლებად მეტაფორული, ან ნაკლებად რეალისტური, მაგრამ ხელოვნების ქმნილებას მაინც პირდაპირ უკავშირებენ მის შინაარსს, ან, როგორც თანამედროვენი მიიჩნევენ, ხელოვნების ქმნილებას უნდა ახასიათებდეს ერთგვარი თქმა. (რასაც ერთი ამბობს გახლავთ ის, რომ...; რის თქმასაც ერთი ცდილობს გახლავთ ის, რომ…...; რაც ერთმა თქვა გახლავთ ის, რომ...და ასე დაუსრულებლად)


2
ვერავინ გამოვისყიდით უნებლიე, მაგრამ აშკარა შეცოდებას კონკრეტული თეორიების მიმართ. წარსულში საჭიროებას არ წარმოადგენდა, ხელოვნებას რაიმე დაეპირისპირებინა მისდამი საყოველთაო აზრისთვის, მაშინ ხელოვნების ნიმუშს არავინ ეკითხებოდა, თუ რისთვის იქმნებოდა, ვინაიდან ყველაფერი განსაზღვრული გახლდათ. დღეიდან, ვიდრე ჩვენი ცნობიერების უკანასკნელ დღემდე, ვალდებული ვართ, ხელოვნება დავიცვათ. მხოლოდ პოზიტიურ იდეათა შერჩევისთვის თუ ვიკამათებთ. თითქოს, ვალდებული ვართ, ასე მოვიქცეთ. სინამდვილეში კი, ხელოვნება ნაკლებად ინტელექტუალური, მძიმე ან ნაკლებად აქტუალურია თანამედროვე მოთხოვნილებებისა და ქმედებების ფონზე. შინაარსიც ანალოგიურ კონტექსში უნდა განვიხილოთ. როგორიც არ უნდა იყოს მისი წარსული, დღეს ის ძირითადად ხელისშემლელი, გამაღიზიანებელი, მეშჩანურიც კი არის.

ხელოვნების ბევრი სფეროს განვითარებას თითქოს უნდა გავეთავისუფლებინეთ იმ იდეისაგან, რომ ხელოვნების ნიმუში მისი შინაარსია, მაგრამ ნახსენებმა იდეამ მაინც შეინარჩუნა უცნაური ჰეგემონია. ჩემი მოსაზრებით, მსგავსი, ერთი შეხედვით უკვდავყოფილი ქმნილებები ხელოვნებისადმი ფრიად სერიოზული დამოკიდებულების მქონე ხალხმა შექმნა. როგორადაც არ უნდა იყოს იდეალიზებული შინაარსის ცნება, ინტერპრეტაციის საკითხი მაინც არ გვეძლევა სრულყოფილი სახით. მხოლოდ აწ მიღებული ჩვევა, მოვახდინოთ ხელოვნების ქმნილების ინტერპრეტირება, თავისთავად ბადებს აზრს მისი შინაარსობრივი დატვირთვის რეალურობის შესახებ.


3
რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ინტერპრეტაციის ცნებას ზოგად, გლობალურ კონტექსტში, არ ვგულისხმობ ნიცშეს (უეჭველად მართებულ) მოსაზრებას, როდესაც ამბობს: ,,ფაქტები არ არსებობენ, მხოლოდ მათ ინტერპრეტაციაზე თუ ვისაუბრებთ”. მოცემულ ცნებაში ვგულისხმობ გონების ცნობიერ ქმედებას, რომელიც ინტერპრეტაციის კონკრეტული კოდის, კონკრეტული ,,წესებისილუსტრირებას ახდენს.

ხელოვნებასთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, ინტერპრეტაცია უცილბლად უნდა გულისხმობდეს მთლიანი ნამუშევრიდან მთელი რიგი ელემენტების ჩამოშორებას (X, Y, Z და . ). ინტერპრეტაციის ამოცანას თარგმანი წარმოადგენს. ინტერპრეტატორი იტყვის: შეხედე, ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ X სინამდვილეში არის-ან, გულისხმობს A-? და რომ Y- ნამდვილად გახლავთ B-? და Z არის C?

რა სიტუაციამ უნდა განაპირობოს ტექსტის ტრანსფორმირება? პასუხს ისტორიული მასალები იძლევიან. ინტერპრეტაცია ანტიკური კულტურიდან იღებს სათავეს, შემდეგ კი მითის ძალა და რწმენა რადიკალურად შეცვალა მეცნიერულმა განმანათლებლობამ ახლებური მსოფლხედვით. ადამიანი თანდათან დაშორდა პოსტ-მითიურ ცნობიერებას-რელიგიურ სიმბოლოებს _ ტექსტმა პირველქმნილი სახით აქტუალობა დაკარგა. ინტერპრეტაციას კი მნიშვნელოვანი ფუნქცია მიენიჭა _ მას ,,თანამედროვემოთხოვნილებები უნდა დაეკმაყოფილებინა. ასე რომ, სტოიკოსებმა, ღვთისთვის მორალური ბუნების მინიჭების მიზნით, ჰომეროსის ეპიკურ პოემებში ასახული ზევსისა და მისი ბოჰემური მხლებლების სახეების ალეგორიის საჭიროება დაინახეს. ზევსის ცნობილი კავშირი ლეტოსთან მათთვის ძალაუფლებისა და სიბრძნის შესანიშნავ სინთეზად იქცა. ალექსანდრიელი ჰილო ივრითული ბიბლიის იტორიულ თხრობას სულიერ პარადიგმებად განიხილავს. ისრაელიანთა გამოსვლა ეგვიპტიდან, ორმოცდღიანი ხეტიალი უდაბნოში და წმინდა მიწაზე დაბრუნება მისი ინტერპრეტირებით სხვა არაფერია, თუ არა სულის ემანსიპაცია, მწუხარება და საბოლოო განსასვენებლის პოვნა. მაშასადამე, ინტერპრეტაციის პრესუპოზიცია თავისთავად გულისხმობს განსხვავებას ტექსტის პირველად მნიშვნელობასა და (პოტენციური) მკითხველის მოთხოვნილებებს შორის. საჭიროა, მოცემული განსხვავების პრობლემა პროგრესულად გადაიჭრას. მიუხედავად იმისა, რომ ქსტი თავისთავად არასათანადოა მთელ რიგ მიზეზთა გამო, ხელაღებით მისი უარყოფა შეუძლებელია. ინტერპრეტაცია წარმოადგენს რადიკალურ სტრატეგიას, რომელიც თავის თავში მოიცავს იდეას, შენარჩუნდეს ტექსტი, როგორც ასეთი, მაგრამ მოხდეს მისი ლოგიკური ტრანსფორმირება. ინტერპრეტატორი, მიუხედავად იმისა, რომ არ ეხება ტექსტის ფაქტობრივ ინფორმაციას და არ ახდენს მის სრულ კალკირებას, მნიშვნელოვანწილად, მაინც ცვლის მას. თუმცა, ამას არ აღიარებს. უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ მისი ქმედება ტექსტს უფრო გასაგებს ხდის. მაგრამ მათ აუცილებლად უნდა აღიარონ ის ფაქტი, რომ ის შედეგი, რაც მათი მხრიდან ხელახლა წაკითხვას უნდა მოჰყვეს, საფუძველშივე დევს. (მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აშკარად ეროტიული ,,სიმღერების სიმღერისრაბინული და ქრისტიანული ინტერპრეტირება თითქოსდა ,,სულიერჭრილში.)

თანამედროვე ეპოქისთვის ინტერპრეტაციის ცნება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. მისდამი ინტერესი განაპირობა არა ზედმეტად სათნო დამოკიდებულებამ წინააღმდეგობრივი ტექსტის მიმართ (სადაც, შესაძლოა, არც ჩანდეს აგრესია), არამედ აშკარა აგრესიამ, აშკარა ზიზღმა გარეგნულის მიმართ. ინტერპრეტაციის ადრეული სტილი თავის თავში გულისხმობდა რამის დაჟინებით მტკიცებას, თუმცა, საყოველთაო პატივისცემას ნამდვილად იმსახურებდა, ის ახდენდა ამა თუ იმ ლიტერატურული მნიშვნელობის მცირე გადახალისებას. თანამედროვე მეთოდი კი, ცვლის და ამ ცვლილებით სრულიად ანადგურებს მას; ცდილობს, გაიგოს რა არის ტექტის ,,მიღმა”, რომ აღმოაჩინოს ჭეშმარიტი ქვე-ტექსტი. მარქსისა და ფროიდის ყველაზე მიღებული და გავლენიანი თანამედროვე დოქტრინები ფაქტობრივად უთანაბრდება ჰერმენევტიკის ერთთავად, საგულდაგულოდ შემუშავებულ სისტემას, აგრესიულ და სიწმინდისაგან ნამდვილად შორს მდგარ ინტერპრეტირებას. ყოველი მოვლენა ფროიდის ,,ცხადი შინაარსისჩარჩოებში ექცევა. საჭიროა, მსგავსი ტიპის შინაარსს სათანადო ყურადღება მიექცეს იმისათვის, რომ მივიღოთ ჭეშმარიტი მნიშვნელობა _ . . ,,ფარული შინაარსი”. მარქსის სოციალური მოვლენების, რევოლუციებისა და ომების თემა, ფროიდის ინდივიდუალური ცხოვრების მოვლენები (ნევროზული სიმპტომები და ვერბალური ცდომილებები), ისევე, როგორც ტექსტი, (სიზმარი ან ხელოვნების ნიმუში) ინტერპრეტაციის მაგალითებად ნამდვილად გამოგვადგებოდა. მათი მოსაზრებით, მოცემული მოვლენები ერთი შეხედვით გახლავთ აღქმადი. ფაქტობრივად, მათ მნიშვნელობა გააჩნიათ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია მათი ინტერპრეტაცია. აღიქვა ფაქტი, ნიშნავს, მოახდინო მისი ინტერპრეტირება, ნიშნავს აღიქვა ხელახლა აწ განსაზღვრული მოვლენა იმდენად, რომ შეურჩიო სათანადო ვივალენტი.

       ასე რომ, ინტერპრეტაცია არ გახლავთ (როგორც ბევრი მიიჩნევს) აბსოლუტური ღირებულება, უნართა უსასრულო სამყაროში მოქმედი გონი. ის თავისთავად უნდა განიხილებოდეს ადამიანური ცნობიერების ისტორიულ ჭრილში. ზოგიერთ კულტურულ კონტექსტში ინტერპრეტაცია ლიბე ქმედება გახლავთ, გამეორების, გადახალისების, მკვდარი წარსულიდან გაქცევის საშუალებას წარმოადგენს. ხოლო სხვა, ალტერნატიულ კონტექსტში მისი მნიშვნელობა რეაქციული, თავხედური, მშიშარა ან სულაც დომინანტური სტილისტური შეფერილობისაა

      
4
თანამედოვე ეპოქისთვის ინტერპრეტაცია თავისთავად რეაქციული და მიუღებელია. როგორც ავტომანქანების გამონაბოლქვი და მძიმე ინდუსტრია ცვლის ურბანული ატმოსფეროს გარეგნულ იერს, ხელოვნებაზე ინტერპრეტაციის გავლენაც ანალოგიური გახლავთ _ ჩვენი მგრძნობელობის დაბინძურებას იწვევს. იმ კულტურულ წარმონაქმნში, სადაც თითქმის კლასიკურ დილემად ქცეულა ენერგიისა და გრძნობადი რეცეპტორების დეგრადაციის ხარჯზე მიმდინარე ინტელექტის ჰიპერტროფია, ინტერპრეტაცია მოიაზრება, როგორც გონების შურისგება ხელოვნებაზე.

უფრო მეტიც, ეს გახლავთ ინტელექტის შურისგება მთელ სამყაროზე. მოახდინო ინტერპრეტირება, თავისთავად გულისხმობს ღირებულებები, სიმდიდრე გამოაცალო თვით სამყაროს _ იმისათვის, რომ წარმოიქმნას ,,მნიშვნელობათაფსევდო-სამყარო. ეს ნიშნავს, მოცემული სამყაროდან შევქმნათ ეს სამყარო. (,,ეს სამყარო!” თითქოს, სხვა ალტერნატივა არსებობდეს.)

სამყარო, ჩვენი სამყარო საკმარისად გაძარცვულია აწ საქები ღირებულებებისგან. ყველაფერი თითქოს ასლია იმისა, რაც უკვე ისედაც გვქონდა.


5
თანამედროვე მოთხოვნილებათა ხასიათის შესაბამისად, ინტერპრეტაცია ფილისტერიზმს ემსგავსება ხელოვნებასთან ურთიერთობის ასპექტში. ჭეშმარიტ ხელოვნებას დიდი პოტენციალი გააჩნია, საკმარისად გვანერვიულოს. ხელოვნების შინაარსის დონეზე დაყვანით და შემდგომ მისი ინტერპრტირებით, ადამიანი იმორჩილებს მას. ინტერპრეტაცია ხელოვნებას მართვად, დამორჩილებად სუბსტანციად აქცევს.

ინტერპრეტაციის ფილისტერული ხასიათი ლიტერატურაში ყველაზე მეტად იგრძნობა. ათწლეულებია, ლიტერატურის კრიტიკოსებმა თავიანთ მოვალეობად დაიგულეს ლექსის, პიესისა თუ რომანის სტრიქონების გადა-თარგმნა. ზოგჯერ მწერალი თავისთავად განიცდის დისკომფორტს მისი ხელოვნების შიშველი ძალის წინაშე და თვითონვე ცდილობს ფრთხილად და დახვეწილად ჩართოს ირონია, რაც უცილბლად წარმოადგენს ნათელ და ნამდვილ ინტერპრეტაციას. თომას მანი გვეველინება მსგავსი ტიპის კოოპერატიულ ავტორად. ხოლო უფრო ჯიუტი ავტორების შემთხვევაში, კრიტიკოსი უბრალოდ ბედნიერია, შეასრულოს ,,დაკისრებული მოვალეობა”. კაფკას შესანიშნავი ნაწარმოებები, ყველაზე მცირე სამი ტიპის ინტერპრეტატორთა ყურადღებას იქცევს. ისინი, ვინც მას კითხულობენ, როგორც სოციალური ალეგორიის ნათელ მაგალითს, თავისთავად იწყებენ ფიქრს თანამედროვე ბიუროკრატიის ფრუსტრაციასა და არაჯანსაღ ფსიქიკაზე, ტოტალიტარულ სახელმწიფოზე. ისინი, ვინც კაფკას ნაწარმოებებს ფსიქოანალიტიკურ ალეგორიად აღიქვამენ, ხედავენ კაფკას აშკარად სასოწარკეტილ შიშს მამის მიმართ, კასტრაციისგან გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებს. საკუთარი იმპოტენციისადმი დამოკიდებულებას, და თუ როგორ გამხდარა ის საკუთარი სიზმრების ტყვე. ხოლო ის, ვინც კაფკას კითხულობს, როგორც რელიგიური ალეგორიის მაგალითს, მიიჩნევს, რომ ,,ოთახისპერსონაჟი K ცდილობს, სამოთხეში მოხვედრის უფლება მოიპოვოს. და რომ იოზეფ K ,,პროცესშიღვთის შეუბრალებელი და უცნაური განგების გამო ისჯება. კიდევ ერთი oeuvre, რომელმაც წურბელებივით მიიზიდა ინტერპრეტეტორები, სემუელ ბეკეტია. ბეკეტის უკანა პლანზე გადატანილი ცნობიერების დელიკატური დრამა _ არსობრივ სტრუქტურამდე დაყვანილი, იზოლირებული, ხშირად აღქმული, როგორც ფსიქიკურად არამდგრადი ხასიათის _ იკითხება, როგორც თანამედროვე ადამიანის გაუცხოვება მნიშვნელობის ან ღმერთის მიმართ, ან სულაც ფსიქოპათოლოგიური ალეგორია.

პრუსტი, ჯოისი, ფოლკნერი, რილკე, ლოურენსი, გიდე... შორს წაგვიყვანდა ავტორების ჩამოთვლა, რომელთა ნამუშევრები ინტენსიური ინტერპრეტაციის ობიექტებად ქცეულან. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპრეტაცია არა მხოლოდ ხოტბაა საშუალოობისა გენიალურის მიმართ. ის ნამდვილად გახლავთ აღქმის თანამედროვე საშუალება და ყველა ტიპის ნაწარმოებზე ვრცელდება. ასე რომ, ელია კაზანის მიერ გამოქვეყნებულ შენიშვნებს ნამუშევარზე ,,ტრამვაი, სახელად სურვილი”, შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია მივანიჭოთ: საჭიროებას მოითხოვს იმის გაცნობიერება, რომ სტენლი კოვალსკიმ წარმოადგინა გრძნობებითა და შურისძიებით აღსავსე ბარბაროსული სურათი, რომელმაც თითქმის შთანთქა ჩვენი კულტურა, მაშინ როცა ბლანშ დიუბუა დასავლური ცივილიზაციის სახეა, პოეზიაა, დელიკატური ნიღაბია, მკრთალი შუქი და დახვეწილი გრძნობები, მაგრამ, იმავდროულად, ნაკლებად ადექვატური. ტენესი უილიამსის აგრესიული ფსიქოლოგიური მელოდრამა უფრო აღქმადი გახდა: ის წარმოადგენდა თქმას რაღაცის შესახებ, დასავლური ცივილიზაციის რეგრესის შესახებ... ერთი რამ ნათელია, მოცემული პიესა რომ ყოფილიყო ამბავი მომხიბვლელ, სასტიკ ადამიანზე სახელად სტენლი კოვალსკი და დამჭკნარ, ბინძურ ლამაზმანზე სახელად ბლანშ დიუბუა, მისი ტრანსფორმირება ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი.


6
არ აქვს მნიშვნელობა, შემოქმედს სურს თუ არა მოხდეს მისი ქმნილების ინტერპრეტირება. შესაძლოა, ტენესი უილიამსი იმავეს ფიქრობდეს ტრამვაიზე, როგორც კაზანი. შესაძლოა, კოქტოს თავადაც სურდა მისი ფილმები ,,პოეტის სისხლიდა ,,ორფეოსიმრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საგნად ქცეულიყვნენ. და რომ მათი ინტერპრეტირება ფროიდისეული სიმბოლიზმისა და სოციალური კრიტიკის ჭრილში მომხდარიყო. მაგრამ ამ ნაშრომთა ღირებულება უფრო სხვაგან უნდა ვეძიოთ, ვიდრე უბრალოდ მათ ,,მნიშვნელობაში”. მართლაც, თითქოს თავად უილიამსის პიესები და კოქტოს ფილმები ქმნიან არაპროგნოზირებად მნიშვნელობათა მთელ ჯგუფს, რომლებიც თავისთავად გახლავთ არასრული, მცდარი, გამოგონილი, არ გააჩნიათ რა უნარი, საკუთარ ბუნებრივობაში დაგვარწმუნონ.

რენესა და რობ-გრიეს ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ,,მერიენბადის უკანასკნელი წელიცნობიერების დონეზე სწორედ მრავალმხრივი და დამაჯერებელი ინტერპეტაციისთვის არის შექმნილი, მაგრამ მაინც საჭიროა, მერიენბადის ინტერპრეტაციისგან თავი შევიკავოთ, ვინაიდან მასში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მისი წმინდა, არათარგმნადი, კონკრეტულ სახეთა უშუალობაა, მისი კინემატოგრაფიული ფორმისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმია და სიტუაციიდან გამოსავლის მინიმალური რაოდენობა.

და, კვლავაც, შესაძლოა, ირგმან ბერგმანს მართლაც სურდა ფილმში ,,სიჩუმეტანჯვის გამაყრუებელი ხმა ღამის ქუჩის მყუდროების ფონზე ერთგვარი ფალოსური სიმბოლო ყოფილიყო, მაგრამ ამის რეალურად განხორციელება სისულელე იქნებოდა. (არასოდეს ენდო მეზღაპრეს, ზღაპარს ენდე _ თქვა ლოურენსმა). ტანკის ფაქტორი, როგორც ძალადობის და მგრძნობელობის სიმბოლური ექვივალენტი  სასტუმროში პარალელურად განვითარებული მისტერიული, უეცარი მოვლენების, ჭეშმარიტი კულმინაცია გახლავთ ფილმის. ფროიდის მიმდევრები აშკარად გამოხატავენ ეკრანზე ნაჩვენებ მოვლენათა ინტერპრეტირების მიმართ უსუსურობას.

ეს ის შემთხვევაა, როცა მსგავსი ტიპის ინტერპრეტაცია თავის თავში მიიცავს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას (ცნობიერის ან ქვეცნობიერის დონეზე) კონკრეტული ქმნილების მიმართ, რასაც თან სდევს მისი სხვა რამით ჩანაცვლების საჭიროება.

ინტერპრეტაცია, რომელიც მხოლოდ იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ ხელოვნების ნიმუში შინაარსობრივ ელემენტთა კომპოზიტს წარმოადგენს, შეურაცხმყოფელია ხელოვნებისთვის. ამ ტიპის ინტერპრეტაცია მას ერთგვარ საგაზეთო სტატიის სახეს აძლევს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ქრონოლოგიურად განლაგებულ კატეგორიათა მენტალური სქემა.


7
რა თქმა უნდა, ინტერპრეტაცია არ გვეძლევა გლობალური მასშტაბით. თანამედროვე ხელოვნება თავის თავში გულისხმობს მოტივაციას, არ გახდეს ინტერპრეტაციის საგანი. ინტერპრეტაციის იგნორირებამ ხელოვნება შეიძლება პაროდიამდე მიიყვანოს, ან სულაც აბსტრაქციამდე, ან გარეგნულზე ორიენტირებული შეიძლება გახდეს (,,სრულიად მარტივად”), ან სულაც არა-ხელოვნება.

ინტერპრეტაციის იგნორირება თანამედროვე მხატვრობის სპეციფიკური თვისებაა. აბსტრაქტული ხელოვნება კი, მისი ყველაზე ჩვეულებრივი გაგებით, წარმოადგენს მცდელობას, თქვას უარი შინაარსზე. შინაარსის არარსებობა თავისთავად გულისხმობს ინტერპრეტაციის არარსებობას. ხოლო პოპ-არტს, რომელიც მნიშნელობით სრულიად საპირისპირო სპეციფიკისაა, შედეგი მაინც ანალოგიური გააჩნია: შინაარსის ცნების, როგორც ასეთის აქტუალობა ინტერპრეტაციის უგულებელყოფით სრულდება.

ანალოგიურად, დიდი წილი თანამედროვე პოეზიისა, დაწყებული ფრანგული პოეზიის ექსპერიმენტებით (იმ მიმართულების ჩათვლით, რომელსაც არასათანადო სახელი, სიმბოლიზმი ჰქვია), რომლებმაც ლექსში სიჩუმის, პაუზის ფაქტორი გამოიყენეს და სრულიად განსხვავებული დატვირთვა შესძინეს სიტყვას, საგრძნობლად დაშორდნენ უხეშ, პირდაპირ ინტერპრეტირებას. პოეზიაში ყველაზე თანამედროვე რევოლუცია, რომელიც ელიოტის იგნორირებას და პაუნდის აქტუალობას შეეხება, ერთგვარი მაგალითია შინაარსის მორიგი უარყოფისა, რაც თავისთავად გულისხმობს მოშორებით ყოფნას . . ,,გულმოდგინეინტერპრეტატორთაგან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამერიკაზე ვსაუბრობ. ხელოვნების ორ დარგში, ლიტერატურასა და დრამაში სუსტი, უმნიშვნელო, ავანგარდული სტილით ვლინდება მოცემული ინტერპრეტაცია.

ძირითადად, ამერიკელი  ნოველისტები და დრამატურგები სინამდვილეში ჟურნალისტები ან სოციოლოგები და ფსიქოლოგები არიან. ისინი მუსიკალურობის ლიტერატურულ ეკვივალენტს ეძებენ. მაშინ, როცა ისეთი რუდიმენტული, არაინსპირირებული და ინერტულია არსი იმ ქმედების, რაც ადეკვატური უნდა იყოს მხატვრული ლიტერატურისა და დრამის ფორმისთვის იმ შემთხვევაში, როცა შინაარსი არ გახლავთ მხოლოდ ინფორმაცია, ახალი ამბავი, თანამედროვე ხელოვნება მაინც უფრო ვიზუალური, უფრო რელევანტური და უფრო ექსპრესიულია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რომანები და პიესები (ამერიკის მასშტაბით), პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკისგან განსხვავებით, ფორმაზე არ არიან ორიენტირებული, ამ ტიპის ხელოვნება უმალ ხდება ინტერპრეტაციის მსხვერპლი.

მაგრამ პროგრამული ავანგარდიზმი, რომელიც ფორმაზე ექსპერიმენტებს შინაარსის მეტამორფოზის ხარჯზე აკეთებს, ერთადერთი მაგალითი არ გახლავთ ინტერპრეტაციისგან ხელოვნების დაცვის. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ასეა. ამის გამო ხელოვნება მუდმივ პროცესად უნდა მივიჩნიოთ. (ის ასევე უკვდავყოფს დიფერენციაციას ფორმასა და შინაარსს შორის, რომელიც თავისთავად და საბოლოო ჯამში, მაინც ილუზორულია). ინტერპრეტატორებისგან თავის დაღწევის სხვა, იდეალური გზაც არსებობს _ უნდა შეიქმნას ხელოვნების ნიმუში, რომელიც ზედაპირულად იქნება მთლიანი და სუფთა, მოქმედება კი სწრაფი და პირდაპირი ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. მაგრამ განა  ეს შესაძლებელია? ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ფილმებზე თუ ვისაუბრებთ. ამიტომაც გახლავთ კინემატოგრაფია ყველაზე ცოცხალი, ამაღელვებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა ხელოვნების. ალბათ, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის აქტუალობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად შეინარჩუნებს ის ღირებულებას მცდარი ,,კორექტირებისმიუხედავად. მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რომ ბერგმანის რამდენიმე ფილმში თანამედროვე სულით გამდიდრებული არასათანადო ნიუანსები მრავლადაა ჩართული, ის მაინც ერთგვარი ტრიუმფია ინტერპრეტატორთა პრეტენზიულ ზრახვებზე. ფილმებში ,,ზამთრის შუქიდა ,,სიჩუმეჩვენ თვალწინ ხდება სახეთა მშვენიერებისა და ვიზუალური სოფისტიკის ნეგატიური ტრანსფორმირება ფსევდო-ინტელექტუალიზმსა და კონკრეტულ დიალოგებში. (მაგალითად გამოგვადგება . . გრიფიტის ნამუშევარი). კარგ ფილმში ყოველთვის მოიპოვება პირდაპირობა, რომელიც სრულიად გვათავისუფლებს მაცდური იდეისაგან, მოვახდინოთ მისი ინტერპრეტაცია. კიუკორის, უოლშის, ჰოკის და სხვა მრავალი რეჟისორის ძველ ჰოლივუდურ ფილმებში აქტუალურია ლიბერალური ანტი-სიმბოლური მიდგომა. არანაკლებად, ვიდრე თანამედროვე ევროპელი რეჟისორების ფილმებში. მაგ.: ტრიუფოს ,,ესროლე პიანისტსდა ,,ჯული და ჯიმი”, გოდარის ,,უკანასკნელ ამოსუნთქვაზედა Vivre Sa Vie. ანტონიონის ,,თავგადასავალიდა ოლმის ,,საქმროები.”

ის ფაქტი, რომ ინტერპრეტაცია ფილმებს არ შეეხო, ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მისი ხელოვნებად მიჩნევა ახალი ეპოქის პრეროგატივაა და კიდევ იმით, რომ ფილმები დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ კინო იყო; მასის ნაწილი იყო, რომელიც ერთგვარი ოპოზიტი გახლდათ ყოველივე ამაღლებულის, კულტურის და მხოლოდ მასობრივი გონების ანაბარა იყო ,,მიტოვებული”. თანაც, ფილმში შინაარსის გარდა, ყოველთვის არის ისეთი რამ, რისი ანალიზიც შესაძლებელია. კინემატოგრაფია, რომანისაგან განსხვავებით, ნამდვილად გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით, ექსპლიციტურობით, კომპლექსურობით, კამერის ტექნოლოგიური ვარირებით, კომპოზიციით, რაც უცილობელი წინაპირობაა ფილმის შექმნის.


8
რა ტიპის კრიტიკა ან კომენტარია დღეს რელევანტური ხელოვნებისთვის? არ ვამბობ, რომ შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშის სათანადო დესკრიფცია ან, სულაც, პერეფრაზირება. პირიქით, სავსებით შესაძლებელია. მთავარია, როგორ მოხდება ეს. როგორი უნდა იყოს კრიტიკა, რომელიც ერთგვარ სამსახურს გაუწევს ხელოვნებას და არ მოახდენს მის უზურპირებას?

პირველი რამ, რაც უდაოდ აუცილებელია, არის ის, რომ ხელოვნებაში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ფორმას. მაშინ, როცა შინაარსზე განსაკუთრებული კონცენტრირება ინტერპრეტაციის ყოვლისშემძლეობას უსვამს ხაზს, ფორმის ვრცელი და დეტალური დესკრიფცია მხოლოდ დუმილს თუ გამოიწვევს. კონკრეტული ლექსიკონი უნდა შეიქმნას _ არა დირექტივების მიმცემი, არამედ დესკრიფციული, ფორმათა* ლექსიკონი. საყოველთაო ხასიათის მიუხედავად, საუკეთესოა კრიტიკა, რომელიც შინაარსიდან ფორმაზე გადაიტანს ყურადღებას. ფილმზე, დრამაზე და, განსაკუთრებით, მხატვრობაზე საუბრისას მახსენდება ერვინ პანოფსკის ესსე ,,სტილი და მედიუმი მოძრავ სურათში”, ნორტროფ ფრაის ესსე ,,დრამის ჟანრთა კონსპექტი’’, პიერ ფრანკასტელის ესსე ,,პლასტიკური სივრცის დესტრუქცია”, როლან ბარტის წიგნი ,,რასინის შესახებდა მისი ორი ესსე რობ-გრიეს შესახებ გახლავთ მაგალითი იმ ფორმალური ანალიზისა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ ავტორთა ნამუშევარს (ერიხ აუერბახის ,,მიმესისისსაუკეთესო ესსეები, როგორიცაა, მაგალითად, ,,ოდისევსის იარამოცემულ ტიპს განეკუთვნება. აქვე შეგვიძლია დავასახელოთ ვალტერ ბენიამინის ესსე ,,მთხრობელი _ ნიკოლაი ლესკოვის ნამუშევართა კვალდაკვალ”, რომელიც მაგალითი გახლავთ ფორმალური ანალიზის და სიმულტენიურად უკავშირდება ჟანრსა და ავტორს.

თანაბრად ფასეული იქნება კრიტიკა, რომელიც მოახდენს ხელოვნების ნიმუშის ჭეშმარიტად ფაქიზ, მკვეთრ, სასურველ დესკრიფციას. ეს უფრო რთული პროცესია, ვიდრე ფორმალური ანალიზი. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მანი ფაბერის ზოგიერთი ფილმის კრიტიკა, დოროთი ვან გენტის ესსე ,,დიკენსის სამყარო: ტოლჯერის თვალთახედვით”, რენდოლ ჯარელის ესსე უოლტ უიტმენის შესახებ. ეს ესსეები ყოველგვარი დაბინძურების გარეშე ავლენენ ხელოვნების სენსუალურ ზედაპირს.



9
გამჭვირვალობა ხელოვნების საუკეთესო, ყველაზე ლიბერალური თვისებაა. ახლა კი _ კრიტიკის. გამჭვირალობა ნიშნავს, განსაზღვრო, თუ რამდენად გასაგებია ობიექტი თავისთავად. სწორედ მოცემული ასპექტი გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რამდენად დიდებულია ბრესონის და ოზუს ფილმები, რენუარის ,,თამაშის წესები”.

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში (ვთქვათ, დანტესთვის ) ნამდვილად რევოლუციური და კრეატიული ჟესტი იყო ხელოვნების ნიმუშის ისე კონსტრუირება, რომ არაერთგვაროვნად ყოფილიყო აღქმული. ახლა ეს სიახლე არაა. ის გაზვიადებასთან, პათეტიკასთან ასოცირდება, რაც პრინციპულად ნეგატიური ასპექტია თანამდროვე ცხოვრების.

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში (როცა ჭეშმარიტი ხელოვნება იშვიათობას წარმოადგენდა) ნამდვილად რევოლუციური და კრეატიული ჟესტი იყო ხელოვნების ნიმუშის ინტერპრეტირება. ახლა ეს სიახლე არაა. ის, რაც ნამდვილად არ გვჭირდება, ხელოვნების ასიმილაციაა ფიქრთან ან (უარეს შემთხვევაში) კულტურასთან.
ინტერპრეტაცია თავისთავად გულისხმობს ხელოვნებასთან ასოციაციას. მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. წარმოვიდგინოთ ის ფაქტი, რომ ხელოვნება აბსოლუტურად ხელმისაწვდომია თითოეული ჩვენგანისთვის და თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ურბანული სამყაროს წინააღმდეგობრივ გემოვნებას, სურნელს თუ სანახაობას, რაც სრულიად იპყრობს ჩვენ შეგრძნებებს, და რომელებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ კულტურას, დაფუძნებულს სიჭარბეზე, ჭარბ პროდუქტირებაზე, შედეგად სრულ განდგომას ვღებულობთ შეგრძნებებისგან. თანამედროვე ცხოვრების ნებისმიერი მდგომარეობა გახლავთ მატერიალური სიჭარბე, აბსოლუტური კრებითობ _ მიმართული ჩვენი სენსორულ შესაძლებლობათა დეგრადირებისკენ. კრიტიკის ამოცანის განხორციელება კი ნათელი გონებრივი მდგომარეობისა და შესაძლებლობების ფონზე უნდა მოხდეს (და არა სადღაც სხვა განზომილებაში).

მნიშვნელოვანია შეგრძნებათა რეაბილიტაცია. უნდა ვისწავლოთ ის, რომ მეტი დავინახოთ, მეტი გავიგოთ, მეტი ვიგრძნოთ.

ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ გახლავთ მაქსიმალური რაოდენობის შინაარსის მოძიება ხელოვნებაში, ძალით მოპოვება იმაზე მეტის, რაც სინამდვილეში არსებობს. ჩვენი ამოცანაა, შინაარსის უგულებელყოფით დავინახოთ ის, რაც ჭეშმარიტი და ბაზისურია.

თითოეული   კომენტარი უნდა ემსახურებოდეს ერთ მნიშვნელოვან მიზანს: ხელოვნება გახდეს რეალური და, ანალოგიურად, მასთან ჩვენი მიმართებაც. კრიტიკის ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს, აჩვენოს, თუ რატომ არის ეს ისე, როგორც არის და, რომ ეს ისაა, რაც არის, ვიდრე ის, რასაც გულისხმობს.

10
ჰერმენევტიკის ნაცვლად ხელოვნების ეროტიკა გვჭირდება.
[1964]





*ერთ-ერთ სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ ჩვენი მიმართება ფორმასთან სივრცითია (ფორმის ყველა მეტაფორა სივრცის ცნებიდან წარმოდგა). ამიტომაც გაგვაჩნია ერთგვარი მზა ლექსიკური მასალა, რომელიც სივრცითი ხასიათისაა და არა ტემპორარული. ტემპორარულ ხელოვნებაში გამონაკლისს, რა თქმა უნდა, დრამა წარმოადგენს; შესაძლოა, მიზეზი მისი თხრობითი (ანუ ტემპორარული) ხასიათი გახლავთ, რომელიც სცენაზე განავრცობს საკუთარ თავს როგორც ვიზუალური, ასევე ფერწერული თვალსაზრისით...ჩვენ რომანის პოეტიკა არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია კონკრეტული, აშკარა, მკაფიო ფორმა. შესაძლოა, ფილმის კრიტიკა რაღაც ახალია ამ შემთხვევაში, ვინაიდან თავად ფილმი წარმოადგენს ვიზუალურ ფორმას მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი შემადგენელი ნაწილია ლიტერატურის.


ინგლისურიდან თარგმანი: ნათია პერტაია

[2009] 

No comments:

Post a Comment