ევანს ჩანი
(ნაწყვეტი)
1. ეს ინტერვიუ 2000 წლის ივლისის ბოლოს ერთ მზიან, ზომიერად ცხელ დღეს ჩაიწერა ჩელსიში მდებარე სიუზან ზონტაგის პენტჰაუსში. შენობაში როგორც კი შევედი, მისი ასისტენტი შემომხვდა, რაღაც საქმეზე ყოფილიყო წასული. ლიფტში ჩავჯექით და ზევით ერთად ავედით. ბინის კარი რომ შევაღეთ, დავინახე, ზონტაგი ნაგვის ყუთში ყრიდა რაღაცას. მოგვიანებით აღნიშნა, რომ მთელი მისი ავადმყოფობის პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც 1998 წელს მეორედ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი, მისი ბინა სულ არეული იყო. ,,ძირითადად, ვცდილობ, ადგილი მოვუნახო ყველა იმ წიგნს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევიძინე და ხელნაწერები და ქაღალდები დავახარისხო’’ - თქვა მან. ოთახს მკაცრ და ამავე დროს ელეგანტურ იერს პირანეზის ნამუშევრები აძლევდა, რომლებიც კედელზე დიდი რაოდენობით ეკიდა. ალისა ჯეიმსის მონოლოგი გამახსენდა ზონტაგის პიესიდან ,,ალისა საწოლში’’:
,,მე გონებით ვხედავ, შემიძლია გავაკონტროლო ყველაფერი, რაც გონებაში მაქვს. ყველა ამბობს, რომ [რომი] ლამაზია. მე მაქვს ნანახი ის სურათები და გრავიურები. დიახ, პირანეზი’’ (81).
2. თან წამოვიღე ჩემი ბოლო წიგნის ,,უკანასკნელი ჩინელი’’ მიმოხილვა, რომელიც ერთ-ერთ ჩინურ ჯურნალში დაიბეჭდა. მინდოდა, მისთვის მეჩვენებინა. მიმოხილვის საილუსტრაციოდ რედაქტორს ზონტაგის ბოლო წიგნის ,,ამერიკაში’’ ყდა გამოეყენებინა, ეს ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის, რადგან ზონტაგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ჩემ სამწერლობო და კინემატოგრაფიულ მცდელობებზე. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ზონტაგის კრიტიკულ ესსეებს წაკითხვდი, ძალიან მომწონდა მისი ბოლო რომანი ,,კეთილისმყოფელი’’. შუა 80-იან წლებში ჰონგ-კონგში ჩინურად ვთარგმნე მისი ესსე ,,მომხიბლავი ფაშიზმი’’ და პატარა მოთხრობა ,,პროექტი ჩინეთში სამოგზაუროდ’’. საავტორო უფლებებზე კი დიდად არ მიფიქრია. შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე აქა-იქ მუდმივად ჩნდებოდა მისი ნაშრომების თარგმანები ხან ჰონგ-კონგში, ხანაც ტაივანში და ჩინეთში. მან, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. რამდენიმე მეგობარმა მთხოვა, ზონტაგისგან ინტერვიუ ამეღო და მისი აზრი გამეგო მოცემულ პუბლიკაციებზე. თანაც, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მისი ნაწერების ჩინური ვერსიების ანთოლოგია გამეკეთებინა. და, ვინაიდან სწორედ ანთოლოგიის საკითხი ჟღერდა უფრო რეალისტურად, საბოლოოდ
გავიცანი კიდეც
ჯოისის თეატრში
ტრიშა ბრაუნის კონცერტზე. ინტერვიუზე უცებ დამთანხმდა. ზემოთ ხსენებულ ჩინურ პუბლიკაციებზე კი დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია: ,,ხალხი ფიქრობს, რომ ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ისინი საავტორო უფლების გარეშე გამოიცემიან, მაგრამ მე კაპიტალისტური საზოგადოების ჭეშმარიტი წარმომადგენელი არ ვარ, ალბათ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ მიხდიდნენ და ჩემთან დაკავშირებაც არ არის რთული: გამომცემელიც მყავს და აგენტიც, მისი მისამართის ნახვა ყველა ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია ჩემ პროფილში. არა, არ მწყინს ეს ფაქტი, ბოლოს და ბოლოს, მინდა, რომ ჩემ ნაწერებს კითხულობდნენ’’.
3. შემდეგ სამზარეულოს მაგიდას მივუსხედით. ჩემს უკან კარი იყო და დახურულ აივანზე გადიოდა, საიდანაც ჰადსონისა და მანჰეტენის გაჩირაღდნებული ხედი იშლებოდა. ზონტაგმა ფეხები მაგიდაზე შემოდო, სკამის საზურგეს გადაეყრდნო და ყავა მოსვა. მოწევას ორი წლის წინ დაანება თავი. ,,ფილმზე’’ დაიწყო საუბარი - ჩინური ფილმებიდან ბოლოს ეს ნახა. მისი აზრით, ეს ფილმი ,,ზომიერად საინტერესოა’’, რადგან ლოკაცია პეკინს უკავშირდება. ჰონგ-კონგელი კინემატოგრაფებიდან მხოლოდ ვონგ კარ-ვაის იცნობდა. ძალიან მოსწონდა ,,დაცემული ანგელოზები’’,
მაგრამ ფილმმა ,,ბედნიერები ერთად’’ იმედები გაუცრუვა. (1986 წელს გამართულ ჰავაის კინოფესტვალზე ჟიურის წევრად ყოფნის დროს მან აშკარად შეუწყო ხელი, რომ პრიზები მიერღოთ ფილმებს ,,დამშვიდობების დრო'' და ,,სიკვდილის დრო’’.
მისი ფავორიტი გახდა ასევე ცნობილი ტაივანელი რეჟისორის
ჰოუ სიაო-სანის ფილმი. (2000 წლის საუკეთესო ფილმად მან ასევე დაასახელა ,,ერთი და ორი'', კიდევ ერთი ტაივანელი რეჟისორის, ედუარდ იანგის ფილმი [ზონტაგი, ’’Best’’
26].
შემდეგ ერთი საერთო ნაცნობის, მენილ ფაუნდეიშენის ხელმძღვანელის სიმონე სვონის შესახებ ვუამბე, რომელიც ცდილობდა, ეგვიპტელი არქიტექტორის ჰასან ფათჰის სტილის სრულიად, ლეგალურად დაცვით ტეხასის საზღვართან აეგო შედარებით იაფი ღირებულების ალიზის შენობა. ზონტაგმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა, თან იჭვნეულად დაამატა, იქნებ, ღარიბ ადამიანს უფრო კონკრეტული რამ ჭირდება, ვიდრე ტალახის აგურები სახლის ასაშენებლადო. ამგვარი მცირე შესავლის შემდეგ ინტერვიუ - ჩ-ჩანი; ზ-ზონტაგი - ფორმალურად დაიწყო:
შემდეგ ერთი საერთო ნაცნობის, მენილ ფაუნდეიშენის ხელმძღვანელის სიმონე სვონის შესახებ ვუამბე, რომელიც ცდილობდა, ეგვიპტელი არქიტექტორის ჰასან ფათჰის სტილის სრულიად, ლეგალურად დაცვით ტეხასის საზღვართან აეგო შედარებით იაფი ღირებულების ალიზის შენობა. ზონტაგმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა, თან იჭვნეულად დაამატა, იქნებ, ღარიბ ადამიანს უფრო კონკრეტული რამ ჭირდება, ვიდრე ტალახის აგურები სახლის ასაშენებლადო. ამგვარი მცირე შესავლის შემდეგ ინტერვიუ - ჩ-ჩანი; ზ-ზონტაგი - ფორმალურად დაიწყო:
4. ჩ: 60-იან წლებში თქვენ, ალბათ, პირველი ადამიანი იყავით, რომელმაც დაბალი და მაღალი კულტურის გაერთიანება სცადეთ. ახლა, 30 წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ მაღალი კულტურა, ე. წ. კლასიკა ,,ალყაშემორტყმულია’’ პოპულარული კულტურითა და მულტიკულტურალიზმით. ახალი შეგრძნებები, ცნებები გაგვაჩნია, რომელიც საკუთარ პერსპექტივებზე დაყრდნობით წინ უსწრებს ან იმ ტიპის ცნებების პაროდირებას აკეთებს, რომელზეც ბოლო ესსეში ,,ინტერპრეტაციის წინააღმდეგ’’ საუბრობთ [1966]. აშკარად, ტოტალური ეკლექტიზმისა და გლობალური ურთიერთშეღწევადობის ეპოქაში ვცხოვრობთ, რასაც ბევრი, ჩემი ჩათვლით, პოსტმოდერნიზმს უწოდებს. აქამდე საკმაოდ მტრულად იყავით განწყობილი პოსტმოდერნისადმი. უარყოფდით
ე. წ. ცნობიერებას, რომელიც პოსტმოდერნისტული კოოპერირებით გახდა პოპულარული, რადგან ,,კემპ გემოვნება...
ჯერ კიდევ გულიხმობს ძველი, მაღალი სტანდარტების დისკრიმინაციას (‘’Writing Itself’’ 439).
5. ზ: არასოდეს მიცდია დაბალი და მაღალი კულტურის გაერთიანება. უდაოდ, ყოველგვარი ორაზროვნებისა და ირონიის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ლოიალური ვარ მაღალი კულტურის სტანდარტებისადმი, რომელიც ლიტერატურას, მუსიკას, ვიზუალურ და პერფორმანსულ ხელოვნებას ეხება. თუმცა, ძალიან მსიამოვნებს პოპულარული მუსიკის მოსმენაც. თითქოს, ვცდილობდით გაგვეგო, რატომ იყო ეს ყველაფერი აბსოლუტურად შესაძლებელი და რატომ არ იყო პარადოქსული... და, როგორი მრავალფეროვნებით და პლურალიზმით შეიძლება მოგვეცეს ესა თუ ის სტანდარტული ერთეული. თუმცა, ეს არანაირად არ გულისხმობს იერარქიის გაუქმებას, არ გულისხმობს ყველაფრის გათანაბრებას. გარკვეული თვალსაზრისით, არანაკლებად ვემხრობოდი ტრადიციულ კულტურულ იერარქიას, ვიდრე ნებისმიერი კონსერვატიული კულტურის წარმომადგენელი, მაგრამ აღნიშნულ იერარქიას მე განსხვავებულად აღვიქვამ. ვთქვათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიყვარს დოსტოევსკი, არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება მომწონდეს ბრიუს სპრინგსტინი. ახლა თუ ვინმე მეტყვის, რომ არჩევანი უნდა გავაკეთო რუსულ ლიტერატურასა და როკ-ენ-როლს შორის, რა თქმა უნდა, რუსულ ლიტერატურას ავირჩევ. მაგრამ ამის საჭიროება არ არის. არასოდეს ვიტყვი, რომ მათ თანაბარი ღირებულება გააჩნიათ. მაგრამ მაოცებს მათი გამომსახველობითი სიმდიდრე და მრავალფეროვნება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კულტურის ბევრი ანალიტიკოსი იტყუებოდა, როცა გამოხატვის განსხვავებულ ფორმებს უგულებელყოფდა. მეორე მხრივ, მას-კულტურაში ძალიან ბევრი რამ მიუღებელია ჩემთვის. განსაკუთრებით ის, რასაც ტელევიზიით უჩვენებენ - ძალიან უსახური, კონსერვატორული, უგემოვნო და ტრივიალურია. ასე რომ, გაერთიანების საკითხი არ დამდგარა. უბრალოდ, მივხვდი, რომ სრულიად სხვადასხვა რამემ შეიძლება თანაბარი სიამოვნება მოგანიჭოს და რომ კულტურის შესახებ წარმოთქმული საუკეთესო სიტყვაც კი ფილისტერობა და უგუნური სნობიზმია. ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ,,აქ’’ უნდა იყოს და ის კიდევ - ,,იქ’’ და რომ შემიძლია ისინი გავაერთიანო. მე მხოლოდ ის გავაცნობიერე, რომ შეიძლება გამაჩნდეს სხვადასხვა სახის გამოცდილება და სიამოვნების ობიექტი. ვეცადე გამეგო, რატომაა ეს შესაძლებელი და ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ფასეულობათა იერარქია.
6. ჩემთვის პოსტმოდერნი შეგრძნება არაა. სხვათა შორის, ამ სიტყვას არც ვიყენებ, მისი გამოყენების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩემთვის პოსტმოდერნი დონეებად დაყოფასთან, გადამუშავებასთან ასოცირდება. თავად ტერმინი არქიტექტურიდან გვეძლევა და ძალიან სპეციფიური მნიშვნელობა გააჩნია, ის ბაუჰაუსის სკოლას, კორბუზიეს, ცათამბჯენების კორპუსებს, ორნამენტების უარყოფას გულისხმობდა. ფორმა ფუნქციაა. არქიტექტურაში ყველა ტიპის მოდერნისტულ დოგმებს შეხვდებით, რომელთა პრივილეგირება მხოლოდ ესთეტიური ფასეულობით არ განსაზღვრულა - მოცემულ იდეებს წმინდა მატერიალისტური მიდგომა დაედო საფუძვლად. ასე შენება იაფია. მაგრამ ეს ტერმინი ხელოვნების სხვა სფეროზე როგორც კი გავრცელდა, მისმა მნიშვნელობამ საკმარისზე მეტი დატვირთვა შეიძინა. მართლაც, ბევრ მწერალს, რომელსაც ადრე მოდერნი ან მოდერნისტი ერქვა, დღეს პოსტმოდერნი ქვია, ვინაიდან ცდილობს გადაახალისოს, ციტირებს - მაგალითად, დონალდ ბართლმი – და ე. წ. ინტერტექსტუალობაში ცდის ბედს.
7. ჩ: დიახ, მართლაც გაურკვეველია, თუ რა განსაზღვრავს ამა თუ იმ მწერლის პოსტმოდენისტობას. ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემთვის ძალიან ფასეულმა ავტორმა ფრედრიკ ჯეიმსონმა პოსტმოდერნისტად მოიხსენია ბეკეტი, რომელსაც მე, პირადად, მოდერნიზმის უკანასკნელ წარმომადგენლად ვთვლი.
8. ზ: ჯეიმსონი იმ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლემბმაც სცადს, გაცილებით მეტი დატვირთვა მიენიჭებინათ პოსტმოდერნიზმის კატეგორიისთვის. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იყენებს ის ამ ტერმინს ამგვარად არის ის, რომ მას ხელოვნება არ აინტერესებს. მართლაც ასეა. ლიტერატურაც არ აინტერესებს - მხოლოდ იდეები ხიბლავს. მას რომ ლიტერატურა ადარდებდეს, ასე, პირდაპირ არ მოახდენდა ნორმან მეილერის ციტირებას. როდესაც საკუთარი იდეების ილუსტრაციისთვის რომანებიდან მოგყავს ციტატები, იმპლიციტურად მკითხველს ამ წიგნების წაკითხვას სთავაზობ. ვფიქრობ, ჯეიმსონმა ან არ იცის, რომ მეილერი კარგი მწერალი არაა, ან უბრალოდ, არ ადარდებს ეს ფაქტი. მეორე მაგალითად ის შემიძლია დავასახელო, რომ ვან გოგს და უორჰოლს ერთ ჭრილში ათავსებს მხოლოდ იმიტომ, რომ თეორია ააგოს, თავის თეორიას მოარგოს. აი, აქ ჩავდივარ ავტობუსიდან. ჩემი ფიქრით, რასაც პოსტმოდერნიზმს უწოდებენ - ანუ ყველაფრის გათანაბრებას - მომხმარებლური კაპიტალიზმის იდეოლოგიაა მხოლოდ. ეს გახლავთ იდეა აკუმულირების შესახებ, ადამიანთა ერთგვარი მომზადება შოპინგისთვის. ეს არ არის კრიტიკული აზროვნება.
9. ჩ: თუმცა, თქვენს საკმაოდ მოცულობით ესსეში ,,შიდსი და მისი მეტაფორები’’ წერთ, რომ თანამედროვეობა სასიკეთო დაბრუნებაა ე. წ. ,,კონვენციაში’’, ისევე, როგორც დაბრუნება ფიგურასა და პეიზაჟში... სიუჟეტში და პერსონაჟში, კომპლექსური მოდერნიზმის სხვა ღირებულებებში. ახალი სექსუალური რეალიზმი პირდაპირ უკავშირდება ხელახალ აღმოჩენებს მუსიკის ტონალობაში, ბურგოს, საბანკო კარიერას, საეკლესიო ჯვრისწერას (166-67). მე ,პირადად, ვიფიქრე კიდეც, რომ ხოტბას ასხამდით პოსტმოდერნიზმს.
10. ზ: მართლა? არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. პირიქით, მეგონა, სარკასტულად უფრო დავწერე მაშინ.
11. ჩ: თითქოს ენერგიის ახალი რესურსებით მოახდინეთ საკუთარი თავის ტრანსფორმირება ისტორიულ რომანში. ვგულისხმობ ,,ვნებიან საყვარელს’’ და რომანს ,,ამერიკაში’’. მგონია, ისინი პოსტმოდერნისტული რომანების სტატუსს შეიძენენ.
12. ზ: მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ორ რომანში მოქმედება წარსულში ხდება, მე არ ვუწოდებ მათ ისტორიულ რომანებს. მიმაჩნია, რომ რომელიმე კონკრეტულ ჟანრში არ ვწერ. არ ვწერ, მაგალითად, კრიმინალურ, ფანტასტიკურ ან გოთიკურ რომანებს. მე მსურს, განვავრცო ნარატიული მხატვრული ლიტერატურის რესურსთა არეალი და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარსულში თხრობა მიზანშეწონილად მიმაჩნია. შეუძლებელია, ეს რომანები XX საუკუნის ბოლო წლების გარდა სხვა დროს დაწერილიყო. თხრობა აუცილებლად უნდა იყოს პირველ ან მეორე პირში. არა მგონია, აქ კონვენციურობაში ან ფიგურალურობაში დაბრუნების მსგავსი რამე შეინიშნებოდეს. სავსებით შესაძლებელია, ეს რომანები მოვიაზროთ როგორც ამბავი მოგზაურობის ან უცხო ადგილას მოხვედრილი ადამიანის შესახებ. ,,ვნებიანი საყვარელი’’ იტალიაში მოხვედრილ ადამიანზე მოგვითხრობს. რომანი ,,ამერიკაში’’ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ პოლონელს ეხება. რომანი, რომლის დაწერასაც ვაპირებ, 1920 წელს საფრანგეთში მოხვედრილ იაპონელზეა. მე არ ვცდილობ, კონკრეტული პროგრამა შევასრულო - მე საკუთარი არეალის გავრცობას ვცდილობ.
13. ჩ: თვლით, რომ ბოლო რომანებში უფრო ეფექტურად ახდენთ ისეთი მოცემულობების გავრცობას, როგორიცაა, მაგალითად, ,,ხასიათები?’’ ხასიათი კონვენციური ცნებაა?
14. ზ: მე დარწმუნებული ვარ, რომ ,,ხასიათები’’ კონვენციური ცნებებია, მაგრამ საწყისი ყოველთვის ადამიანია. ეს ეხება როგორც ,,კეთილისმყოფელს’’ (1963), ისე
,,სიკვდილის ჩანთას’’. ,,კეთილისმყოფელი’’ განდეგილობის ნიუანსებს წარმოაჩენს, რომელიც, ფაქტობრივად, ძალიან ნიჰილისტურია - მკრთალი
ნიჰილიზმი (იცინის). ,,სიკვდილის ჩანთა’’ ერთ კაცზე მოგვითხრობს, რომელიც თვითმკვლელობას ჩადის. ამ რომანების წერის პროცესში ძალიან დამაინტერესა ისტორიამ - არა კონკრეტულმა მოვლენამ ან თემამ, არამედ ისტორიამ ზოგადად და თუ რას ნიშნავს ისტორიულად გააზრება, რა ხდება კონკრეტული მოვლენის მიღმა. ადრე მეგონა, რომ პოლიტიკა მაინტერესებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი დოზით გავეცანი ისტორიას, იმ დასკვნამდე მივედი, რომ პოლიტიკის ცნება, როგორც ასეთი, ძალიან ზედაპირულია. ფაქტობრივად, თუ ისტორია გაინტერესებს, შეუძლებელია, ანალოგიურს გრძნობდე პოლიტიკის მიმართ.
15. პირველი ორი რომანის დაწერის შემდეგ ისევ წავედი სამოგზაუროდ. ადრე ნამყოფი ვიყავი ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში. ვიყავი, მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში და მექსიკაში. მაგრამ ვიეტნამი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ნამდვილი გაჭირვება ვნახე. მსგავსი გამოცდილება ჩემთვის ფასეული იყო არა მხოლოდ ესთეტური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. არ ვამბობ, რომ მოდერნიზმის გავლენას ქვეშ ვარ. მსურს, საკუთარი თავი უცხო რეალურ ასპექტებს დავუკავშირო, ისევ მოდერნიზმის საშუალებით შევეხო რეალურ გასაჭირს, უფრო გლობალურს, გავარღვიო ნარცისიზმისა და სოლიფსიზმის საზღვრები.
16. ჩ: ,,ვნებიან საყვარელში’’ კავალიერის სახით ხომ სევდისა და მელანქოლიის ბუნების ერთგვარ პერცეფციას ცდილობთ, რომელსაც ჯერ კიდევ ადრეულ ,,სოლიფსისტურ’’ რომანებში შეეხეთ? თან, აშკარაა ცნობიერის დრამატიზირება ამ ყველაფრის გლობალურ, ისტორიულ ჭრილში განხილვისას.
17. ზ: მთელი ჩემი შემოქმედებისთვის მართლაც არის დამახასიათებელი მელანქოლია. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ასე იყო. თუმცა, იმედი მაქვს, მუდამ ასე არ იქნება.
18. ჩ: ამბობდით, რომ თქვენი ადრეული რომანები არ მოგწონთ...
19. ზ: მე ბევრ სისულელეს ვამბობდი (იცინის). ერთხელ ლუის ბუნუელმა სურვილი გამოთქვა ,,სიკვდილის ჩანთა’’ ფილმად გადაეღო. კარგი იქნებოდა...
20. ჩ: ახლახან, დაწერიდან 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავიკითხე თქვენი პირველი წიგნი ,,კეთილისმყოფელი’’. თქვენი წიგნებიდან პირველად ეს წიგნი წავიკითხე და შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველაზე ექცენტრული და ბრწყინვალე წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. მას ჰონგ-კონგში ცხოვრებისას წავაწყდი. მაშინ სრულიად ჩამოშორებული ვიყავი თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებას და შემთხვევით დავიწყე ჰანა არენდტის კითხვა. აღმოვაჩინე, რომ მას ძალიან მოსწონდა ,,კეთილისმყოფელი’’. აქებდა თქვენ ორიგინალურობას და აღფრთოვანებით აღნიშნავდა, რომ
შეგეძლოთ ,,ფიქრებიდან და ოცნებებიდან ამბის შეთხზვა’’. ვფიქრობ, არენდტი ,,ფიქრთა ექპერიმენტმა’’ მოხიბლა, როგორც ამას თვითონ უწოდებს. საოცარია, თითქოს, ამ ნაწარმოებმა თავი მოუყარა მთელი თქვენი სამწერლობო კარიერისთვის დამახასიებელ თემებს. ეს ,უპირველეს ყოვლისა, ეხება ესსეს ,,ინტერპრეტაციის წინააღმდეგ’’, რომელიც მხატვრული ლიტერატურის სტილშია დაწერილი. ჰიპოლიტოსს არ სურს საკუთარი ცხოვრების ინტერპრეტირება სიზმრების საშუალებით, სურს, გაითვალისწინოს ისინი და მათ პარალელურად იმოქმედოს.
21. ზ: სწორად აღნიშნეთ, ,,კეთილისმყოფელში’’ მთელი ჩემი შემოქმედების თემებია თავმოყრილი. ეს ფაქტი მეც ძალიან მაოცებს. თითქოს, ხელში კარტი გიჭირავს, მაგრამ ნახატებს ვერ ხედავ. შეიძლება, ნახევარი სიცოცხლე გავიდეს და მხოლოდ მაშინ შეჩერდე და დახედო...
ყოველ ჯერზე თვალს გადავავლებ ხოლმე, მაინტერესებს, თუ როგორ შეესაბამება ჩემი ნაწერები ერთმანეთს. მაგალითად, ესსეები, რომლებიც ავადმყოფობის შესახებ დავწერე - ავადმყოფობა, როგორც მეტაფორა და შიდსი და მისი მეტაფორები - სფეციფიკით ძალიან გავს ესსეს ,,ინტერპრეტაციის წინააღმდეგ’’: ავად ყოფნისას ნუ ეცდები ინტერპრეტირებას. ავად ყოფნა უბრალოდ ავად ყოფნაა. ნუ მოუხმობ მითებს და ფანტაზიებს..
22. ჩ: ,,კეთილისმყოფელში’’ თქვენ წერთ: თანამდროვე ცნობიერების არც ერთი ნიუანსი არ არის ისეთი დამღლელი, როგორც ის, რომ სურს, თავი გაიმართლოს, ისეთი რამ თქვას, რასაც ყოველთვის განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია (109).
23. ზ: ეს არ მახსოვდა. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია ქვეცნობიერის დონეზე იყო? როდესაც ,,კეთილისმყოფელის’’ წერა დავიწყე, წარმოდგენაც არ მქონდა, რას ვაკეთებდი შემდეგი ნამუშევრებისგან განსხვავებით, როცა ფუნდამენტური იდეების გათვალისწინებით ვიწყებდი ფიქრს. უბრალოდ, ერთი წინადადება მეორეს მისდევდა და წარმოდგენაც არ მქონდა ეს სად მიმიყვანდა. მაგრამ, იმავდროულად, წერის პროცესი გამიადვილდა. თითქოს, ეს ყველაფერი იყო სადღაც და მე მხოლოდ უნდა ამეღო. რამდენიმე სიზმარი ძალიან ჰგავს ჩემსას, მაგრამ, უმეტესწილად, ისინი გამოგონილია.
24. ჩ: ერთ-ერთმა კრიტიკოსმა გამოთქვა აზრი, რომ ჰიპოლიტოსი და ჟან-ჟაკი არტოს და ჟენეს ინსპირაციის შედეგია.
25. ზ: დიახ, ჟან-ჟაკი ნაწილობრივ ჟენეს უკავშირდება - იდეურად უკავშირდება. რაც შეეხება ჰიპოლიტოსს...…არა, ის კონკრეტულად არავის პროტოტიპი არ არის.
26. ჩ: ძალიან მომწონს ,,კეთილისმყოფელის’’ ეპიგრამა: Je reve donc je
suis! ალბათ იმიტომ, რომ ჩინელი ვარ და ყველა ჩინელმა იცის ჩუანგ ცის ზღაპარი კაცისა და პეპელას შესახებ: კაცს ესიზმრა, თითქოს პეპელად გადაიქცა. გაღვიძებული კი საკუთარ თავს ეკითხება არის თუ არა ის პეპელა, რომელსაც სურს კაცად გადაქცევა. ვამჩნევ, როგორ მოახდინა გავლენა ,,კეთილისმყოფელზე’’ კლაისტის ესსემ ,,თოჯინების თეატრის შესახებ’’, ვინაიდან ის წარმოადგენს ჰიპოლიტოსის ერთგვარ ძიებას, მოიპოვოს სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე.
27. ზ: კლაისტზე თქვენ მოსაზრებას ვეთანხმები. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მისი ესსე რომ წავიკითხე. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, ერთი რამ ნათელია: როგორღაც სიღრმეებიდან წერა გიწევს; კლაისტის ესსების მსგავსად, ეს ყველაფერი სადღაც წიაღში ილექება და მოგვიანებით ხვდები, რომ წერა შეგიძლია. ბევრს უკითხავს, თუ რატომ არაფერს ვწერ მხატვრული ლიტერატურის ჟანრში ან სარაევოს ალყის შესახებ. მათ ასე ვუპასუხებდი: ჩემ გამოცდილებას სათანადო სიღრმეებისთვის ჯერ არ მიუღწევია.
28. ჩ: მას შემდეგ, რაც სცენაზე ,,გოდოს მოლოდინი’’ წარმოადგინეთ და სარაევოსთან დაკავშირებით თქვენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეთ, ჟან ბოდრიარმა თქვა: ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ კიდევ არსებობენ ინტელექტუალები...
ვთვლი, დანაშაულია მათი მხრიდან იმის წარმოდგენა, რომ სამყაროში
არსებობს ,,რაღაც’’, რაზედაც ისინი აუცილებელ პასუხისმგებლობას გრძნობენ. თითქოს, ერთგვარ პრივილეგიას ფლობენ ისეთ ცნობიერ-რადიკალურობის დონეზე, რაც კონკრეტულად ინტელექტუალიზმთან ასოცირდება. ისეთი ადამიანი, როგორიცაა სიუზან ზონტაგი უკვე ვერაფერში ჩაერევა, სიმბოლურადაც კი...
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ გახლავთ არც პროგნოზი და არც დიაგნოზი’’ (ციტ. Bayard). თქვენ რას ფიქრობთ მოცემულ იდეაზე ,,ინტელექტუალთა პრივილეგიების’’ შესახებ და თანამედროვეობის ე. წ. დიაგნოსტიკურად ხედვის მისეულ მეთოდებზე?
29. ბოდრიარი პოლიტიკური იდიოტია. შესაძლოა, მორალური იდიოტიც. საზოგადოებრივი ინტელექტუალის რანგში ყოფნა რომ მდომოდა, სარაევოს შემთხვევა მხოლოდ განმკურნავდა. რეზულტატიც სახეზეა: მე სარაევოში იმიტომ არ წავსულვარ, რომ ,,გოდოს მოლოდინი’’ დამედგა. გიჟი ვიქნებოდი, ასე რომ მოვქცეულიყავი. იქ ჩემი ვაჟის გამო წავედი - ჟურნალისტია და ომს აშუქებდა. მან შემომთავაზა იქ წასვლა. 1993 წლის აპრილში, სარაევოში პირველად რომ ჩავედი, იქაურ ხალხს დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი და ალყაშემორტყმულ ქალაქში ვიმუშავებდი და როცა მკითხეს, რისი გაკეთება შემეძლო, ვუპასუხე, რომ ბეჭდვა შემიძლია, შემიძლია გავაკეთო ელემენტარული საავადმყოფოს საქმეები, შემიძლია ვასწავლო ინგლისური, ვიცი, როგორ გადავიღო ფილმები, დავდგა პიესები. ,,კარგი’’, მითხრეს, ,,პიესა დადგით. აქ იმდენი მსახიობია, რომლებსაც საქმე არაფერი აქვთ’’. ,,გოდოს მოლოდინის’’ დადგმა კი სარაევოს თეატრალურ საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. ასე რომ, პიესის დადგმის შემოთავაზებას წინ უსწრებს ის ფაქტი, რომ მე იქ უკვე ჩასული ვიყავი და როგორც შემეძლო, ვცდილობდი იმ ხალხისთვის სასარგებლო საქმე გამეკეთებინა.
30. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ,,ინტელექტუალთა პრივილეგიასთან’’. ჩემი ვიზიტი არ გულისხმობდა პოლიტიკურ ინტერვენციას. ამ ქმედებას მორალური უფრო შემიძლია ვუწოდო, ვიდრე პოლიტიკური. ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო პაციენტს გორგოლაჭებიან სავარძელში ჩაჯდომაში დავხმარებოდი, ექსტრემალური დისკომფორტისა და სიკვდილის საშიშრიების ფონზე,
ჩემი მხრიდან, იქ ყოფნა ძალიან დიდი რისკი იყო. ყოველ ნაბიჯზე ბომბი ფეთქდებოდა, ტყვიების ზუზუნი... არ იყო საკვები, ელექტროენერგია, ონკანში წყალი არ მოდიოდა, არავითარი ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი. და ეს ყველაფერი დღეების, რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში...
ეს არ არის ,,სიმბოლური’’. ეს რეალურია. ხალხი ფიქრობს, რომ სარაევოში პიესის გამო ჩავედი მცირე ხნით. სინამდვილეში, პირველად
1993 წლის აპრილში ჩავედი და 1995 წლის ბოლომდე იქ ვიყავი. ეს ორნახევარი წელია. პიესას მხოლოდ ორი თვე დასჭირდა. ეჭვი მეპარება ბოდრიარდმა იცოდეს, რამდენი ხანი ვიყავი სარაევოში. მე ბერნარ-ჰენრი-ლევი არ ვარ, რომ ბოსნიაზე დოკუმენტური ფილმი გადავიღო. მას საფრანგეთში BHL შეარქვეს, სარაევოში კი - DHS- deux heures a
Sarajevo - ,,ორი საათით სარაევოში’’. დილით საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავით ჩამოვიდა, დატოვა თავისი გუნდი და ნაშუადღევს უკვე წასული იყო. ფირი გუნდმა ჩაუტანა პარიზში, შემდეგ მიტერანის ინტერვიუ დაუმატა, გაახმოვანა და ფილმიც მზად იყო. ჯოან ბაეზი რომ ჩავიდა 24 საათით, ტროტუარზე ფეხიც არ დაუდგამს. ფრანგული ტანკით დადიოდა მუდმივად ჯარისკაცებით გარემოცული. აი, რას აკეთებდა ზოგიერთი სარაევოში.
31. ჩ: ოდესმე გიწოდებიათ ბოდრიარისთვის ,,ეშმაკი ნიჰილისტი?’’
32. ზ: მეეჭვება, ასე ყოფილიყო. არა მგონია, მისთვის ნიჰილისტი მეწოდებინა. ვფიქრობ, ის უცოდინარი და ცინიკოსია. თუმცა, ინტელელექტუალების შესახებ კონკრეტული მოსაზრებები გააჩნია. ინტელქტუალებიც არიან და ინტელექტუალებიც. უმეტესი მათგანი კონფორმისტია. მაგრამ მამაცები არსებობენ, ძალიან მამაცები. და, რა საერთო აქვს ინტელექტუალს პოსტმოდერნიზმთნ? როგორ ათამაშებენ ამ ტერმინებს, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ რეალობას ჩაუღრმავდნენ... მე რეალურობის კომპლექსურობის და პატივისცემის მომხრე ვარ. არ მინდა, რაიმე თეორიულზე ვიფიქრო ამ თვალსაზრისით. მე იდეების გენეალოგია მაინტერესებს. თუ ინტერპრეტაციის წინააღმდეგი ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ვეწინააღმდეგები ინტერპრეტაციას, როგორც ასეთს, რადგან ნებისმიერი გაფიქრება უკვე ინტერპრეტაციაა. ფაქტობრივად, მე შეზღუდული ინტერპრეტაციის წინააღმდეგი ვარ, წინააღმდეგი ვარ ბანალური ტრანსპოზიციის და იაფფასიანი ეკვივალენტების.
ინგლისურიდან თარგმანი: ნათია პერტაია

No comments:
Post a Comment