თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი
ლიტერატურა მუდამ მარადიულ ღირებულებებთან ასოცირდებოდა, ვფიქრობ, ძალიან
არაადეკვატური ნამდვილად არ არის, რომ წერილს გწერთ. (უკვე 10 წელია, ბორხეს!)
თუკი ოდესმე რომელიმე თანამედროვე ავტორს ლიტერატურული უკვდავება ერგო წილად, ეს
თქვენ იყავით. თვენ საკუთარი დროის, კულტურის ტიპური წარმომადგენელი ხართ, მაგრამ,
იმავდროულად, შეძელით, მოცემული დროისა და კულტურის საზღვრებს გაცდენოდით და ეს
ძალიან კარგად მოახერხეთ. ამ ფაქტმა საყოველთაო ყურადღების ობიექტად გაქციათ.
ნაკლებად ეგოცენტრული, საოცრად ტრანსპარენტული და, ამასთანავე, ძალიან
შემოქმედებითი იყავით. ეს ყოველივე თქვენმა ბუნებრივად სუფთა სულიერმა მხარემაც
განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვერდით საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდით,
სრულყოფილად მოახერხეთ უშუალობისა და გაუცხოების თანაფარდობა, რამაც დროში
რაციონალურ მოგზაურად გაქციათ. თქვენ დროის განსხვავებული შეგრძნება გქონდათ.
თქვენ გვერდით წარსულის, აწმყოსა და მომავლის სავსებით ჩვეულებრივი კატეგორიები
ძალიან ბანალური ჩანდა. ამბობდით, რომ აწმყო თავის თავში მოიცავს მომავალს,
ბრაუნინგს ციტირებდით (თუ სწორად მახსოვს): ,,აწმყო წამია, სადაც მომავალი
წარსულში ქუცმაცდება’’. რა თქმა უნდა, ამით თქვენი თავმდაბლობა გამოხატეთ: თქვენი
იდეების დაკავშირება გსურდათ სხვა ავტორების იდეებთან.
თავმდაბლობა თვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი
იყო. თქვენ სიხარულის ახალი გამოვლინებები აღმოაჩინეთ. თქვენთვის დამახასიათებელ
ღრმა, მშვიდ პესიმიზმს გამოსახატავად სიბრაზე არ ჭირდება. ის უნდა გამოიგონო,
შექმნა, და, თქვენც გამოიგონეთ. თქვენი სიმშვიდე და ტრანცედენტულობა ჩემთვის
სამაგალითოა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ არ არის აუცილებელი, იყო უბედური მაშინაც კი,
თუ ყველაფერი აშკარად ცუდადაა. სადღაც თქვით, რომ მწერალმა, შემდეგ დელიკატურად
დაამატეთ, ყველამ უნდა იცოდეს რომ ის, რაც მას შეიძლება გადახდეს, მისი რესურსია
(თქვენ სიბრმავეზე საუბრობდით).
თქვენ ერთგვარი რესურსი იყავით ბევრი მწერლისთვის.
1982 წელს, თქვენ გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე, მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი:
,,დღეს ვერ დავასახელებ ავტორს, რომელსაც შეიძლება ისეთივე მნიშვნელობა ქონდეს სხვა
მწერლისათვის, როგორც ბორხესს. ბევრი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
თანამდეროვე მწერალია...ძალიან ბევრი ბაძავს მას, სწავლობს მისგან’’. ეს ახლაც ასეა. ჩვენ ისევ ვსწავლობთ თქვენგან.
ჩვენ ისევ გბაძავთ თქვენ. თქვენ წარმოსახვის ახალი გზები დასახეთ, თუმცა,
იმავდროულად, დაამტკიცეთ, რომ წარსულის ინტეგრირება აუცილებელია, განსაკუთრებით,
ლიტერატურაში. ამბობდით, რომ ძალიან ბევრი გვმართებდა და გვმართებს ლიტერატურის.
წიგნები თუ გაქრება, ისტორიაც გაქრება, ადამიანიც არ იარსებებს. თქვენ მართალი
იყავით. წიგნები არა მხოლოდ აჯამებს ჩვენ ოცნებებს და მოგონებებს, არამედ
თვითდაჯერებულობას გვმატებს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ წიგნი საუკეთესო საშუალებაა
,,რეალური’’ სამყაროდან ირეალურ, წარმოსახვით სამყაროში, წიგნების სამყაროში
გაქცევის. ის გაცილებით მეტია, საშუალებაა, სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბდე.
ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს წიგნი გადაშენებულ
სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება. წიგნებში ვგულისხმობ ზოგადად კითხვის კულტურას,
ლიტერატურას და მასთან დაკავშირებულ სულიერ მხარეებს. ამბობენ, მალე ,,ტექსტებად’’
წარმოდგენილი ,,ელექტრონული წიგნები’’ გვექნება, შესაძლებელი იქნება, გარეგნულად
შევცვალოთ ისინი, კითხვები დავსვათ, ,,კომუნიკაცია’’ გვქონდეს. როცა წიგნი
,,ტექსტად’’ იქცევა, და ის ,,კომუნიკაციის ‘’ საშუალება გახდება, მაშინ სულ სხვა დატვირთვას
შეიძენს, ჩვენი ტელევიზუალური რეალობის პოპულარობას შეუწყობს ხელს. ეს არის ის
დიდებული ,,დემოკრატიული’’ მომავალი, რომელსაც გვპირდებიან. ეს არსის,
ბუნებრივობის, წიგნის დასასრულია.
დღეს არ არის წიგნების დაწვა საჭირო, ბარბაროსებს
არ უწევთ ამის გაკეთება, ვეფხვი თავად ბიბლიოთეკაშია. ძვირფასო ბორხეს, წუწუნი არ
მიყვარს, მაგრამ თქვენ თუ არა, სხვას ვის უნდა ეხებოდეს წიგნების ბედი, ისევე,
როგორც პრობლემა, რაც, ზოგადად, კითხვის ტენდენციას უკავშირდება? (უკვე 10 წელია,
ბორხეს!) მინდოდა მეთქვა, რომ გვენატრები. მე მენატრებით. თქვენ ყველასგან
განსხვავებული ხართ. 21-ე საუკუნე, ეპოქა, რომელშიც შევდივართ, სულის ახლებურ
გააზრებას შემოგვთავაზებს. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ჩვენგანი არ დატოვებს
დიდ ბიბლიოთეკებს. თქვენ მუდამ ჩვენი მფარველი და გმირი იქნებით.
@სუზან
ზონტაგი 2001
ინგლისურიდან თარგმანი: ნ. პერტაია.

No comments:
Post a Comment